აქცია-პერფორმანსი გამართეს რუსთავის მერიასთან სტუდენტებმა. მუნიციპალიტეტის წინ ახალგაზრდებმა რიცხვი 75 გამოსახეს. აქციის მონაწილეები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის გაიაფებას ითხოვენ.
სტუდენტების განმარტებით, სამგზავრო ბილეთის საფასურის განახევრება მერიის თანამშრომელთა დანამატების შემცირებით არის შესაძლებელი.
აქციას დავით კირკიტაძე შეუერთდა.
„ამ ბავშვების მოთხოვნა არის სამართლიანი. მე მათ ვპირდები, რომ მათი ეს სამართლიანი მოთხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილდება არჩევნების შემდეგ. თუმცა, მანამდე კიდევ აქვს დრო ქალაქის უსაქმურ მერიას, რომ სტუდენტების ეს სამართლიანი მოთხოვნა დააკმაყოფილოს,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
მოთხოვნებს რუსთავის მერიაში უპასუხეს.
„რაც შეეხება პრემიებს და დანამატებს, კარგი იქნებოდა კირკიტაძე იმ პრემიებს და დანამატებს თუ გადათვლიდა, რომელიც თავად აქვს აღებული,“ - განაცხადა რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსმა, თამარ აქუბარდიამ.