გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ზუგდიდში დღეს სიმბოლური მსვლელობით გააპროტესტეს. ანალოგიური აქცია გაიმართა თბილისშიც, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლიდან კანცელარიამდე მსვლელობა მოაწყვეს.
ხურჩაში მომხდარი მკვლელობით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში, სადაც გაეროს ორგანიზებით მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ოკუპაციისა და დევნილების პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ინფორმაცია 175 ქვეყნიდან ჩასულ ლიდერს მიაწოდა.
ხურჩაში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალავენ. ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებას გეგმავს პრემიერმინისტრი. ამ დრომდე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ადგილზე არ ჩასულა.
დამნაშავის დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. იან კელის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში საჭიროა, ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე მომუშავე ჯგუფის ფორმატი განახლდეს.
ავტორი: ეკო მაღრაძე.