19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
"აუდიტორია 115" თვითმმართველობის გაუქმებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს

ხმაური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საღამოს 06:00 საათისთვის დაიწყო. აუდიტორია 115-ის წევრები სასწავლებლის დაცვის სამსახურს დაუპირისპირდნენ. ისინი სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური აუდიტორიის დაკავებას ცდილობდნენ. დაპირისპირების დროს ერთ-ერთი სტუდენტი შეუძლოდ გახდა და მისი გაყვანა გახდა საჭირო. ადგილზე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაპირისპირება სტუდენტებსა და დაცვის სამსახურს შორის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, საბოლოოდ აუდიტორია 115-ის წევრებმა ოთახის კარების შემტვრევა შეძლეს.  

სტუდენტური თვითმმართველობის აუდიტორიების დაკავება აუდიტორია 115-ის წევრებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. მთავრობას სტუდენტებმა დრო საღამოს 06:00 საათამდე მისცეს და მოითხოვეს, რომ თვითმმართველობის გაუქმების შესახებ პრინციპული გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა ხელისუფლების მხრიდან დღეს არანაირი გამოხმაურება სტუდენტების მოთხოვნას არ მოჰყოლია.

აუდიტორია 115-ის წევრებმა დღეს სტუდენტური თვითმმართველობის ორი აუდიტორია დაიკავეს. სამომავლო გეგმების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ თუმცა ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეტას თვითმმართველობის გაუქმებამდე არ აპირებენ.

ავტორი: ეკა გაგუა.

დღის ამბები