გზავნილი მომავალში - საქართველოს მოქალაქეების სურვილებით სავსე კაფსულა 25 წლის შემდეგ გაიხსნება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმაც მიიღო.
ხალხმრავლობა რუსთაველის გამზირზე დილიდან იყო. დედაქალაქის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო სახალხო სეირნობა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო.
დამოუკიდებლობის დღესასწაულში ტრადიციულად მონაწილეობდნენ სამინისტროები. თითოეულ უწყებას საკუთარი სტენდი ჰქონდა, სადაც მოქალაქეები სამინისტროების სიახლეების შესახებ ინფორმაციებს ეცნობოდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები, რომლებმაც გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს.
უწყებების მიერ წარმოდგენილი სტენდები და პრეზენტაციები დაათვალიერეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც.
ავტორი: ეკო მაღრაძე