19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
რუსი სამხედროს მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალეს

რუსი სამხედროს მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლული გიგა ოთხოზორია დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალეს. 31 წლის ახალგაზრდას პატივი ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან და დედაქალაქიდან ჩასულმა ადამიანებმა მიაგეს.

ზუგდიდის მაცხოვრებლები მომხდარის მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რუსი სამხედრო მსგავსი დანაშაულის ჩადენას ვერ შეძლებდა, საოკუპაციო ხაზი დაცული რომ ყოფილიყო.

ინფორმაცია აფხაზების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რუსი სამხედროს განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავების შესახებ გუშინ გავრცელდა. თუმცა, ამ ცნობას ქართული მხარე ამ დრომდე ვერ ადასტურებს. ძალოვანი უწყებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ.

დღის ბოლოს რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა. განცხადება დეფაქტო პროკურატურამ გაავრცელა, სადაც წერია, რომ სამხედროს დროებით შეჩერებული აქვს უფლებამოსილება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. განცხადება ასევე გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე აფხაზურ მხარეს დააკისრა.

4 წლის შემდეგ, ხვალ პირველად შეიკრიბება ინციდენტების პრევენციის ჯგუფი და პირველივე საკითხი, რომელსაც განიხილავენ, ეს იქნება 19 მაისს ხურჩაში მომხდარი რუსი მესაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ, მიიღონ დასტური ან უარყოფა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა სავარაუდო მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ხვალვე დაიწყოს დიალოგი სავარაუდო მკვლელის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

 

 

ავტორები: ეკა გაგუა, ნათია ტრაპაიძე 

დღის ამბები