ნადეჟდა სავჩენკოს ექსკლუზიური ინტერვიუ კურიერს. პატიმრობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ მფრინავს ჩვენი ჟურნალისტი, თამარ ნუცუბიძე, კიევში შეხვდა. ინტერვიუში სავჩენკო საკუთარ ემოციებზე, გეგმებსა და რუსულ აგრესიაზე საუბრობს.
ყველაზე ემოციურად იხსენებს სუხიშვილების მიერ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, მის მხარდამჭერ აქციაზე შესრულებული ხორუმის კადრებს.
"როცა ციხეში ერთ-ერთი რუსული არხით გავიგე, რომ სუხიშვილისა და რამიშვილის აკადემიურმა ბალეტმა ჩემს მხარდასაჭერად იცეკვა, იცით, რა გამახსენდა? ერთხელ გამიმართლა და ლვოვში მათ კონცერტზე მოვხვდი, ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, საოცარი სანახაობა და ისეთი ეიფორიული გრძნობები მქონდა, ისე მომეწონა მათი ცეკვა და როცა გავიგე, რომ მე მგულშემატკივრობენ, ისე მომინდა, ეს ყველაფერი მენახა ჩემი თვალით. რუსული არხი ხომ წარმოგიდგენიათ, სულ პატარა ნაწილი აჩვენეს, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ვნახე. ისე მომინდა მათთან ერთად მეცეკვა. გავიფიქრე კიდეც, თუ ისინი ჩემს გამო გამოვიდნენ, იქნებ, ოდესმე მეც შევძლო მათთან ერთად ცეკვა. საოცრად ლამაზია ქართული ცეკვა," - განაცხადა კურიერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სავჩენკომ.