უკვე ერთი კვირა გავიდა სამეგრელოში ოპოზიციაზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ, მაგრამ დღემდე არცერთი პირი დაკავებული არ არის.
ინცინდენტის შემდეგ, რომელსაც ათეულობით მოწმე ჰყავს და ძალადობის ამსახველი არაერთი კადრი არსებობს, საგამოძიებო უწყებებში არც იმას ადასტურებენ, მოხდა თუ არა სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება. ამ დრომდე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ საქმე ცემის მუხლითაა აღძრული.
დამნაშავეების მფარველობასა და გამოძიების განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები სახელმწიფო სტრუქტურებს.
პარტიაში აცხადებენ, რომ გასული დღეები და არსებული მტკიცებულებები საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ სამართალდამცავ და საგამოძიებო უწყებებს სავარაუდო დამნაშავეები დაეკავებინა. ისინი საქმის პოლიტიზირებასა და სამართლის ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებენ.
სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ადანაშაულებენ ინციდენტის პროვოცირებაში თავად კორცხელში მყოფი სპორტსმენები. ისინი დაპირისპირებაში მონაწილეობას ადასტურებენ, თუმცა თავს დამნაშავედ არ თვლიან და გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობას დებენ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე