ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ზიკას ვირუსის საფრთხის გამო რიოს ოლიმპიადის გადადების ან სხვა ტერიტორიაზე გადატანის საჭიროებას ვერ ხედავს.
ორგანიზაციამ საკითხი მას შემდეგ განიხილა, რაც ასზე მეტმა ექსპერტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ღია წერილით მიმართა და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გადადება ან სხვა ქვეყანაში გადატანა მოითხოვა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბრაზილიაში ზიკათი ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია და ოლიმპიადაზე ჩასული სტუმრები დაავადების სხვა ქვეყნებში გავრცელებას შეუწყობენ ხელს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ეს არგუმენტები არასკმარისად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ოლიმპიადის გეგმების შეცვლა ზიკას ვირუსის გავრცელების ტემპზე გავლენას არ მოახდენს.