მაგთიკომმა კავკასუს ონლაინი ოფიციალურად შეისყიდა. ამასთან დაკავშირებით, შპს მაგთიკომი და შპს კავკასუს ონლაინი ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც რუსთავი2 უცვლელად გთავაზობთ.
"მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ შპს მაგთიკომსა და შპს კავკასუს ონლაინს შორის მიმდინარე წლის 30 მაისს ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.
"კავკასუს ონლაინის კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო საოპერაციო აქტივების მაგთიკომისთვის გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, დაიწყება 2016 წლის 1 აგვისტოს, რამდენიმე თვე გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
"მომხმარებლებს წინასწარ ვაცნობებთ თარიღს, თუ როდიდან გაუწევს მათ მაგთიკომი საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტტელევიზიის და ფიქსირებული ტელეფონიის მომსახურებას.
"ინტეგრაციის პროცესში მომხმარებლებს შეუფერხებლად, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ მომსახურება.
"მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც სრულ ოთხმაგ სერვისს შესთავაზებს მოსახლეობას: 1. მობილური ტელეფონი; 2. ფიქსირებული ტელეფონია (რადიო და საკაბელო); 3. ინტერნეტი (მობილური და საკაბელო) და 4. ტელევიზია (თანამგზავრული და IPTV)," - ნათქვამია განცხადებაში.