20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
გიორგი ისაკაძე სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს

გიორგი ისაკაძე სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს. ბიზნეს-კონტაქტის და საქმიანი დილის ავტორი და წამყვანი სამსახურიდან დაითხოვეს. წერილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ისაკაძემ ელექტრონული ფოსტით მიიღო.

წერილში ჩამოთვლილი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზები მაესტროს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა თავად განმარტა. არხის მენეჯმენტს დღეს განმარტებები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

წერილში ნათქვამია, რომ გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილება მფლობელებთან ერთად მიიღო. სავარაუდოდ, ის საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძეს გულისხმობდა, რომელიც არხზე ახალი თოქშოუს დასაწყებად ემზადება. მისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე კი დღეს ტელეკომპანია მაესტროში იყო მისული, თუმცა საუბარი მედიასთან არ ისურვა. გაუგებარი დარჩა ისიც, რა სტატუსით იყო დღეს უფროსი გაჩეჩილაძე ტელევიზიაში.

ასევე საერთო განცხადება ტელეკომპანია მაესტროს ეკონომიკური გადაცემების თანამშრომლებმა დღის ბოლოს არხის პირდაპირ ეთერში გააკეთეს.

ჟურნალისტებმა და წამყვანებმა არხის მენეჯმენტს გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების აღდგენა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, არსებობს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და მისი შეცვლის საფრთხე.

ბიზნესგადაცემის გუნდი არხის გენერალური დირექტორისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები