01 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
თურქეთში დროშები დაუშვეს-ქვეყანა ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

თურქეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. სროლისა და აფეთქებების სერიას ბოლო მონაცემებით, 41 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 13 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, დაშავებულთა რაოდენობა კი 240-ს აღწევს. მუსლიმთა ტრადიციის თანახმად, უკვე დაკრძალეს რამდენიმე გარდაცვლილი. ქვეყანაში ერთდღიანი გლოვაა გამოცხადებული, სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

გამოძიება თავდამსხმელთა ვინაობის დადგენას უსაფრთხოების კამერების, მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო მასალებისა და თვითმხილველთა ჩვენებების დახმარებით ცდილობს. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ტერაქტი უცხოელმა მებრძოლებმა მოაწყვეს. გავრცელებული ცნობით, დაზვერვის სამსახურმა ძალოვანი სტრუქტურები ისალამისტების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ჯერ კიდევ 20 დღით ადრე გააფრთხილა და ერთ-ერთ სამიზნედ სწორედ ათათურქის აეროპორტი დაასახელა.

ათათურქის სახელობის აეროპორტში საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ევროპაში რიგით მესამე ყველაზე დატვირთულმა აეროპორტმა მუშაობა ტერაქტიდან 12 საათის შემდეგ აღადგინა, თუმცა რეისები ამ დრომდე შეფერხებით სრულდება. ათათურქის აეროპორტთან ერთად, უსაფრთხოების ზომები, მთელს ქალაქში გააძლიერეს.

ავტორი: ნინო დვალიშვილი

დღის ამბები