საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევის შედეგები გასაჯაროვდა. NDI-სა და IRI-ს შემდეგ კვლევა რუსთავი 2-ის დაკვეთით GFK-მ ჩაატარა. შედეგები რუსთავი 2-მა რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.
სამივე კვლევის შედეგებს ქართული ოცნების წევრებმა უნდობლობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ კვლევებს არ ენდობოდნენ. რამდენიმე დღეში კი შიდა კვლევის შედეგები თავად გამოაქვეყნეს. შიდა კვლევაში ქართული ოცნების რეიტინგი 35 პროცენტი იყო. ოცნების კვლევას უნდობლობა პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა და მკვლევარებმა გამოუცხადეს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების წევრების განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. მკვლევარი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვებას მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე ცდილობს, ანალოგიურ აზრზეა გია ნოდიაც.
ნოდიაც და ხუხაშვილიც თვლიან, რომ პარტიათა რეიტინგები ყველაზე კარგად რამდენიმე თვის წინ, თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩდა, სადაც 4 უბნიდან ორში ნაციონალურმა მოძრაობამ, ორშიც კი ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
მიუხედავად ამისა, მკვლევარები თვლიან, რომ ვერც ერთი პარტია აშკარა უპირატესობით საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-მა პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევა გერმანულ-ამერიკულ ორგანიზაცია GFK-ს უკვე მეორედ დაუკვეთა. პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე, მაშინ აღნიშნული კვლევის შედეგები თითქმის ზუსტად დაემთხვა არჩევნების საბოლოო შედეგებს.
ავტორი: პაატა იაკობაშვილი