ექვს ქურდობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ოთარ ვარამაშვილის სამძებრო ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 24 საათზე მეტია უშედეგოდ მიმდინარეობს.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა მომხდარის გამო თბილისის საბადრაგო სამსახურის ცვლის უფროსი და ის თანამშრომლები დააკავა, რომლებიც გუშინ პატიმრის ეტაპირებას უზრუნველყოფდნენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს გამოძიება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებას ედავება.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულს სასამართლოს შენობის გარეთ მანქანა ელოდებოდა, უარყოფს ვარამაშვილის მამა. მისი ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარს ოჯახთან და მეგობრებთან კომუნიკაციის უფლება ციხის ადმინისტრაციის მიერ შეზღუდული ჰქონდა.
კიდევ ერთ ვერსიას, რომლის მიხედვითაც პატიმარმა გაქცევა თითქოს სასამართლოს საპირფარეშოდან შეძლო, უარყოფენ რუსთავის საქალაქო სასამართლოში. პირად საუბრებში აცხადებენ რომ, საპირფარეშოს, რომლითაც პატიმრები სარგებლობენ, ფანჯარა საერთოდ არ აქვს.
ვარამაშვილის სამძებრო ღონისძიება ამ დრომდე გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა მის საცხორებელ სახლსა და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი