ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი ახალ გადაწყვეტილებას აანონსებს. დავით ნარმანიამ დღეს გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციასთან ერთად, საკადრო ცვლილებებიც არ გამორიცხა.
ამ მოთხოვნით, უკვე რამდენიმე დღეა, პარტიზანი მებაღეები მერიის წინ ხელმოწერებს აგროვებენ, თუმცა ხეების მოჭრაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების გადაყენების გარდა, არასამთავრობოები საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროცესში, მესამე სექტორის ჩართვასაც ითხოვენ.
საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ქალაქის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ხელმოწერით უკვე გამოხატა 500-ზე მეტმა ადამიანმა. ისინი დედაქალაქის ხეების ჭრას და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ. ახალი ნარგავების დასარგავად კი ადგილზე ფულიც გროვდება.
უკვე მეორე დღეა მერიის შენობასთან კარავია გაშლილი და იქ პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. მათი განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეჩერდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. ხვალ საღამოს 6 საათზე მერიის შენობასთან ისინი საკუთარ მოთხოვნებს მუნიციპალიტეტს კიდევ ერთხელ წარუდგენენ.
შეგახსენებთ, რომ გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქციები და შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაზბეგის ქუჩის 22 ნომერში კერძო სამშენებლო კომპანიას მერიამ 50-მდე ხის მოჭრის უფლება მისცა.
ავტორი: ეკა გაგუა