ორი კვირის წინ დაკარგულ სპეცრაზმელებს დღეს სამხედრო პატივი გონიოში მიაგეს. თუმცა, მათი ოჯახის წევრები ძებნის ოპერაციის გაგრძელებას ითხოვენ.
ცერემონიალზე თავდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, გამოძიება სპეცრაზმელების დაღუპვის ფაქტზე მიმდინარეობს და დამნაშავეებს პროკურატურა გამოავლენს. ლევან იზორიამ სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებს სამძებრო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა გააჩნიათ.
სონარებითა და სპეციალური აპარატურით აღჭურვილი მცურავი საშუალებები საქართველოში არსებულ რამდენიმე სამეცნიერო და სახელმწიფო დაწესებულებას მართლაც ყავს. თანამედროვე აპარატურას ქართველი მეცნიერები რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე, ზღვის ფსკერის გამოკვლევისთვის და სკანირებისთვის იყენებენ.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მათთვის თავდაცვის უწყებას დახმარების თხოვნით ამ დრომდე არ მიუმართვას.
წვრთნის დროს ზღვაში დაღუპული სამხედროების მოსაძებნად ყველა საშუალების გამოყენების პირობას დებს პრემიერმინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ისიც დაადასტურა, რომ წვრთნები არაორგანიზებული იყო.
გონიოს სანაპირო ზოლში ამ დროისთვის საძიებო სამუშაოები თავდაცვის სამინისტროში არსებული საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს. ძალოვანი უწყება არ გამორიცხავს, რომ დახმარებისთვის პარტნიორ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მიმართოს.
ავტორი: დავით კაკულია