მგზავრებით სავსე ყვითელი ავტობუსი, რომელიც ვაზისუბანი - ფონიჭალის ხაზზე მოძრაობდა, ჯერ opel-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ სასტუმრო რიჩის ბეტონის ღობეს, ეზოში მდგომ 2 ატომობილს და სასტუმროს უკანა კედელიც გაანგრია.
18 მგზავრიდან, დაზიანებები თითქმის ყველამ მიიღო. 7-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისინი მრავლობითი მოტეხილობებით თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში მოათავსეს.
გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ერთ-ერთის მიხედვით, ავტობუსს opel-ის მარკის მსუბუქმა ავტომანქანამ გზა არ დაუთმო, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. არსებობს ეჭვი იმის შესახებაც რომ მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა.
კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, შესაძლოა, ავტობუსს სამუხრუჭე სისტემა ჰქონდა დაზიანებული და მძღოლმა ავარიული სიტუაციისას, ავტობუსის გაჩერება ვეღარ შეძლო, თუმცა მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი კატეგორიულად გამორიცხავს ავტობუსის სამუხრუჭე სისტემის დაზიანებას და აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას მანქანა ტექნიკურად გამართული იყო.
მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვისას, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მიმდინარეობს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი