არასამთავრობო სექტორი უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს რუსთავი 2-ის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დააბრუნოს.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ სკანდალური დოკუმენტის გათვალისწინებით, ირაკლი ოქრუაშვილი საქმეში მესამე პირად უნდა ჩაერთოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდეს სამართლებრივი დავა.
მესამე სექტორი საქმის პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობს. მათი თქმით, მთავარია, უზენაესი სასამართლო არ მოექცეს პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
„თუ აღნიშნული დოკუმენტის ავთენტურობა დადასტურდება, ეს თავდაყირა აყენებს მთლიანად მიმდინარე პროცესს, იმიტომ, რომ ნათელი ხდება, რომ ქიბარ ხალვაში არ ყოფილა და ვერც იქნებოდა საქმეზე სათანადო მოსარჩელე. ირაკლი ოქრუაშვილი უნდა ყოფილიყო საქმეში ჩართული მესამე პირად. ბუნებრივია, ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელი იქნება კასაციის ეტაპზე და ამიტომ, ლოგიკურად, უზენაეს სასამართლოს მოუწევს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, საქმე დააბრუნოს წინა ინსტანციებში,“- განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.