ოზურგეთში, ლეკიანის დასახლებაში მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. ნაგავსაყრელის გამო, სადაც, მათი თქმით, ორი წელია, სადეზინფექციო სამუშაოები არ ჩატარებულა, 30-მდე ოჯახს ანტისამიტარია აწუხებს და ჯანმრთელობის პრობლემებიც ექმნებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელი ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, იქ ნარჩენებს ქობულეთის დასუფთავების სამსახურის მანქანები ცლიან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებია, ანტისანიტარიის გარდა, ნაგავსაყრელის ხელმძღვანელობამ ტერიტორია თვითნებურად გააფართოვა და გადაკეტა გზაც, რომლითაც მოსახლეობას პირუტყვი საძოვარში დაჰყავს.
მოსახლეობა გზის გაწმენდასა და სანიტარული ნორმების დაცვას ითხოვს.
ანტისანიტარიას და საძოვრების პრობლემის გარდა, ადგილობრივები წყლის დაბინძურებაზეც საუბრობენ. ღელეში, საიდანაც წყალს პირუტყვი სვამს და ადგილობრივებიც იყენებენ, ნაგავი ყოველდღიურად იცლება.
ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემებს მოაგვარებს, 30 ოჯახი ანტისანიტარიაში, გზისა და წყლის გარეშე, რჩება.
ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, თეონა ცხომელიძე.