იენს სტოლტენბერგი დღის ბოლოს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც თბილისში მეორე დღეა მიმდინაროებს.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედისას ექსპერტები ალიანსის შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში საქართველოს როლის საკითხის დაყენებას გეგმავენ.
მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარშავის სამიტის შემდეგ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე მსჯელობენ. ერთ-ერთ მთავარი თემა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.
ერთ-ერთ პანელზე, რომელზეც მომხსენებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საუბარი შეეხო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკითხს და ზოგადად ქვეყანაში მედიის მდგომარეობას.
საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს კითხვა ტელეკომპანია ტაბულას დირექტორმა დაუსვა. თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში პრორუსული მედიასაშუალებების დაფინანსებით დაინტერესდა.
კითხვაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან არ იცის რაზეა საუბარი. მისი თქმით, თუ არსებობს დარღვევა, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ჯანელიძის თქმით, რა თქმა უნდა ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მთავრობა ზეწოლას ახორციელებს რუსთავი 2-სა და ტაბულაზე, ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. ვიცით, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მედიის განვითარება, დამოუკიდებელი სასამართლო და კერძო საკუთრების უფლების დაცვა. ჩვენი პრიორიტეტი, სწორედ ამ სამი პრინციპის დაცვაა,“-განაცხადა ჯანელიძემ.
მედიის თავისუფლებაზე განცხადება გააკეთა ამერიკის ელჩმა საქართველოში.
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ის კვლავ თანმიმდევრულია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს წვდომა მედიასთან. ჩვენ არაერთხელ ვთქვით საჯაროდ, რომ საჭიროა ყველა ტელეარხმა შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა. მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში,“-აღნიშნა იან კელიმ.