19 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
"უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს ძალიან მძიმე შავბნელი საქმეები" - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მისი განცხადებით, კომპანიის საქმის განმხილველ კოლეგია ჩამოყალიბებულია საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. მისივე თქმით, ამ საქმეში ჩართული არიან უსაფრთხოების სამსხურები. 

"იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტის პარალელურად, როცა საქართველოში ჩამოსული არიან ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირები, ყველა ელჩი და საუბარია საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე. ბატონი სტოლტენბერგის ვიზიტის პარალელურად, უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს მძიმე, შავბნელი საქმეები. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"კოლეგია, რომელიც საქმეს იხილავს აბსოლიტურად ჩამოყალიბებულია, იმაზე რომ საქმე იყოს განხილული მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე უმძიმესი ზეწოლა ხორციელდება. ამ ზეწოლაში სასამართლოში წარმოდგენილი ცალკეული თანამდებობის პირები, მოსამართლეები. ჩვენი საქმის განმხილველ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა გარედან, ამაში ჩართულია უსაფრთხოების სამსხურები.

"მე გამოვაშკარავებ ადამიანს, რომელიც სასამართლოს შიგნიდან ანგრევს სასამართლო ხელისუფლებას და ასრულებს ხელისუფლების უმძიმეს დაკვეთებს. ვალერი ცერცვაძე იყო მეორე ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ ჩინჩალაძეა. რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. ბატონი ცერცვაძეც და ჩინჩალაძეც ხელისუფლებას წარმოადგენდნენ ნაციონალური მოძრაობის დროსაც, დღეს კი ისინი ქართულ ოცნებას წარმოადგენენ. ბატონი ჩინჩალაძე მოსამართლეთა კოლეგიას არ აძლევს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. ჩინჩალაძე არის ინტეგრირებული ხელისუფლებაში. ის სახელმწიფოსთან კომუნიცირებს ბატონი ივანე ზარდიაშვილის მეშვეობით, რომელიც კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

"ეს ადამიანი სავარაუდოდ, არის ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. ზარდიაშვილი ჩინჩალაძე არიან მეჯვარეები. ბატონი ჩინჩალაძის მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი, არის ზარდიაშვილის თანამშრომელი, მან წაიყვანა კონტროლის პალატაში. ის იღებს 2500 ლარს იმაში, რომ ის არ დადის სამსახურში, არავის ის არ უნახავს. ეს ოჯახი ბატონი ჩინჩალაძის, მთლიანად არის შეზრდილი ხელისუფლებასთან, მას ხელისუფლებასთან ფინანსური ინტერესები აკავშირებს. ბატონ ჩინჩალაძეს ვპირდები ის აღმოჩნდება ციხეში,"- აცხადებს გვარამია.  

არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სასამართლო სისტემას წინა ხელისუფლების პირობებშიც და ახლაც ტრიადა მართავს, სადაც მურუსიძე არის სახე ხოლო ჩინჩალაძე და ცერცვაძე გადაწყვეტილებების მიმღებები. 

სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯომარეს მიმართა. გვარამია მოუწოდებს მათ დაიცვან რუსთავი 2 და მოსამართლეები ზეწოლისგან. 

"დაიცავით რუსთავი 2. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ჩამოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას განვითარების შანსს არ აძლევენ,"- განაცხადა გვარამიამ.  

დღის ამბები