ცესკოში საარჩევნო სია 28 პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა. მთელი დღის განმავლობაში ცესკოში პარტიების წარმომადგენლები დოკუმენტებს რიგრიგობით არეგისტრირებდნენ.
ყველაზე სქელტანიანი საქაღალდე კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა წარადგინეს. პირველ ათეულში 8 ახალი სახეა. ოპოზიციონერებს მიჩნიათ, რომ ახალი სახეებით დაკომპლექტებული ათეული წარმატების გარანტია.
200 კაციანი სია წარადგინეს თავისუფალმა დემოკრატებმა. ალასანიას პარტიის პირველ ათეულში ახალი მხოლოდ ერთი ახალი სახეა - მეშვიდე ნომერი, თამარ კეკენაძე.
ცესკოში დღის მეორე ნახევარში წარადგინა საკუთარი სია ბურჭულაძის პარტიამ. პარტიის წევრთა განმარტებით, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის სიის ფორმირებისას აქცენტი კანდიდატების პროფესიონალიზმზე გაკეთდა. სიაში არ არის ხათუნა ლაგაზიძე, გავრცელებული ინფორმაციით, მან პარტია დატოვა.
ნათელაშვილის პარტიის ათეულში მოხვდნენ ლეილა გაფრინდაშვილი, ასმათ ტყაბლაძე, თემურ წიკლაური. სიის პირველი ნომერი შალვა ნათელაშვილია, მეორე ნომერი კი გიორგი გუგავა.
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში მოხვდა ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე. ის მეოთხე ნომერია. პირველი სამი ადგილი ნინო ბურჯანაძემ, დიმიტრი ლორთქიფანიაძემ და გიგლა ბარამიძემ გაინაწილეს.
დღესვე სიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა აჭარაშიც, სადაც ზუსტად ერთ თვეში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.
ავტორი ნატა მახვილაძე