ოქრუაშვილი არ არის ის ავტორიტეტი, რომლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ეჭვი არ უნდა შეიტანონ. ასე ეხმაურება უმრავლესობა ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაფორმებულ შეთანხმებას.
მმართველ პარტიაში დადებითად აფასებენ უზენაესი სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებას.
„ინსტანცია არ უნდა დარჩეს, სადაც ეს საკითხი არ იქნება გარჩეული და არ იქნება საზოგადოებისათვის სანდო გადაწყვეტილებები მიღებული. ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს სასამართლომ და ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ის ავტორიტეტი, რომელმაც შეიძლება რაიმე დოკუმენტი წარმოადგინოს და ეს აიღო და უეჭველად მიიღო,“- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტილებას, უმრავლესობის განცხადებით, ეს სასამართლოს პრეროგატივაა.
“ეს არის სწორედ მედიასთან დაკავშირებული საკითხები და ასეთ საკითხებს უზენაესი სასამართლო ყოველთვის იღებს, მიუხედავად იმისა თუ რა საფუძველი არსებობს. დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლო განიხილავს, გააგრძელებს და მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ოპოზიციის შეფასებით კი, მნიშვნელოვანია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს სასამართლომ. მათი აზრით, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმე პირველ ინსტანციაში უნდა დააბრუნოს.
„ფაქტობრივად ქიბარ ხალვაშის არასდროს ყოფილა ტელევიზია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის უნდა დაბრუნდეს პირველ ინსტანციაში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო სრულიად სხვა გზით მიდის. საზოგადოებისათვის მაღალი ინტერესის საქმე როდესაც იხურება და გამჭვირვალობას არის მოკლებული განხილვა, ბუნებრივია, საითაც მიჰყავთ საქმე,“-აცხადებს სერგო რატიანი.