19 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
„ივანიშვილისა და მისი მავნებელი გუნდის საქმიანობის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ ფუნქციონირებს სათანადოდ"- გიორგი კანდელაკი

ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ვენეციის კომისიის ვიცეპრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ჩარევებისგან, პოლიტიკოსების კამათის საგანი გახდა.

განცხადებები უკვე გააკეთეს სახელისუფლებო პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა ხდება ხელისუფლების მხრიდან.

„ივანიშვილისა და მისი მავნებელი გუნდის საქმიანობის შედეგად დღეს საკონსტიტუციო სასამართლო და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტებიც ვეღარ ფუნქციონირებენ სათანადოდ,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი, ლევან სამუშია აცხადებს, რომ კაბელებისა და რუსთავი 2-ის საქმეებთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნები აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა ხდება.

მმართველ გუნდში საკონსტიტუციო სასამართლოზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოში ჩარევა არ ხდება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი ერთი ნაწილი, ერთი კოლეგია არის ჩამოყალიბებული ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სტრუქტურა გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით,“- განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ,  გიორგი ვოლსკიმ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები