ონკოლოგიური დაავადებების მასშტაბით ზესტაფონი საქართველოში ნომერ პირველი ქალაქია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული, რასაც ფერო-შენადნობი ქარხნების მუშაობას აბრალებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საწარმოებს სპეციალური ფილტრები უნდა ჰქონდეს რაც არ აქვთ და ამის გამო ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ზარალდებიან.
რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, მხოლოდ ამ კლინიკაში ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილთა ასობით საქმე ინახება, ამდენივეა იმ პირთა რაოდენობაც, რომლებიც დაავადებულები არიან.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, მამაკაცებში ძირითადად დაავადება ფილტვისა და კუჭის კიბოს სახით იჩენს თავს ქალებში კი სარძევე ჯირყვლის კიბო და საშვილოსნოს კიბო ჭარბობს.
პირველად გამოვლენილი ონკოლოგიური დაავადებებით კლინიკებს ზესტაფონში ყოველწლიურად 100-ზე მეტი ადამიანი მიმართავს.
მხოლოდ ერთ სოფელში, არგვეთში, არსებული ინფორმაციით სიმსივნით 20 ადამიანია დაავადებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარებას ითხოვენ თუმცა უშედეგოდ. მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ საცხოვრებელი გამოიცვალონ.