ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი დარგების განვითარების იდეის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, - ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ოთარ აბესაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან დაკავშირებით ოთარ აბესაძე საუბრობს და აცხადებს, რომ 2011 წელს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, არ გაუხნია ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. მისი თქმით, მან მხოლოდ შენობა გახსნა.
„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ 2011 წელს, არავინ არ ჩათვალოს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ გახსნა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს იყო ბიზნესცენტრის შენობის გახსნა,“ - განაცხადა ოთარ აბესაძემ.
აბესაძის თქმით, "ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ზოგადად ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი დარგების იდეის ლოკომოტივი ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, იყო".
ოთარ აბესაძის თქმით, 60 ათას სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტი აღჭურვილი იქნება მრავალრიცხოვანი კამპუსებით, შენობა-ნაგებობებით და ლაბორატორიებით. მისი თქმით, ის იქნება კავკასიის რეგიონში პირველი უმაღლესი სკოლა და საგანმანათლებლო ცენტრი.
„ხორციელდება საქართველოში პირდაპირი ინვესტიციის სახით ერთი მილიარდი ევრო. მსგავსი ტიპის ერთჯერადი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შეიძლება ვერც იპოვოთ მსგავსი ტიპის მონაცემები. მეორე, ეს ტენტრი ორიენტირებულია, აეწყოს კონტაქტები ევროპულ თუ აზიურ თუ ამერიკულ წამყვან უნივერსიტეტებთან," - ამბობს აბესაძე.