ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებენ ყაზტრანსგაზში. კომპანიაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა იმ კომპანიას ეკისრება, რომელმაც მილების გასაწმენდად ქიმიური ნივთიერება გაუშვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია და არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
ფინანსურ და მარკეტინგის საკითხებში ყაზტრანსგაზ-თბილისის დირექტორის ნინო თურმანიძის თქმით, ბუნებრივი აირის სუნთან ყაზტრანსგაზ თბილისს კავშირი არ აქვს.
„თბილისში, გაზი სუნის საგრძნობ მატებასთან, ყაზტრანსგაზ თბილისს არანაირი შეხება არ აქვს. ოდორიზაციაზე პასუხისმგებელი, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, არის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. შესაბამისად, დამდგარ შედეგზეც, თუ დადგინდა, რომ ის 11 ადამიანი ოდორანტის საშუალებით მოიწამლა, დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირების გარეშე კომპანია არ დატოვებს,“ - განაცხადა ნინო თურმანიძემ.
განცხადება გააკეთა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმაც.
„რაც შეეხება პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას, ამაზე უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა მოკვლევის სამუშაოები. როდესაც დასრულდება მოკვლევა, დაიდება კონკრეტული ფაქტები და ყველა დამნაშავე პირი აგებს სრული პასუხისმგებლობით პასუხს,“ - განაცხადა ბენდელიანმა.