20 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ზეწოლის შემთხვევა - ოჯახი კონკრეტულ გვარს ასახელებს

ისევ შესაძლო ზეწოლის შემთხვევა სამართალდამცველების მხრიდან - ელგუჯა გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, პოლიცია, ელგუჯა გუჩმაზაშვილს მათთან თანამშრომლობას და გარკვეულ ადამიანებზე ინფორმაციას სთხოვს, უარის შემთხვევაში კი დაკავებით ემუქრებიან.

კონკრეტულად ვისზე ეძებენ სამართალდამცავები კომპრომატებს, გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრებისთვის უცნობია. ისინი ვარაუდობენ, რომ პროკურატურას იმ საქმის ხელახალი გამოძიება სურს, რომელზეც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. ოჯახის ინფორმაციით, ელგუჯა გუჩმაზაშვილი 9 წლის წინ თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს.

გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრები დღეს ღიად ასახელებენ იმ გამომძიებელს, ვინც მათზე ზეწოლას ახორციელებს.

სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე ღიად საუბარი ელგუჯა გუჩმაზაშვილის ოჯახმა მისი მოულოდნელი გაუჩინარების შემდეგ გადაწყვიტა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის დაკავების შიშით სახლიდან გასვლას ერიდებოდა, თუმცა გუშინ საქმეზე მაინც წავიდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ის თბილისის პროკურატურაში ყავდათ მიყვანილი. ოჯახის ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ გუჩმაზაშვილის გაუჩინარებამდე, მათთან სახლში პოლიციელები იყვნენ მისული და გუჯას კითხულობდნენ.

ელგუჯა გუჩმაზაშვილის ოჯახის წევრები წუხელ იმ გამომძიებელსაც დაუკავშირდნენ, რომელსაც ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. სატელეფონო საუბარში, რომელიც ოჯახმა გაავრცელა, გამომძიებელი ელგუჯა გუჩმაზაშვილთან კავშირს უარყოფს.

მალხაზ სამსონიშვილი, როგორც გაირკვა არა პროკურატურის, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ორივე უწყება ახალგაზრდა მამაკაცზე რაიმე სახის ზეწოლას უარყოფს.

თავად ელგუჯა გუჩმაზაშვილმა დღეს კურიერთან საუბარი არ ისურვა. ოჯახის ინფორმაციით, პირადი უსაფრთხოეისთვის ის ამ დრომდე სახლში არ დაბრუნებულა.

 ავტორი: ნათია ტრაპაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები