20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ბუნებრივი აირის სუნით გამოწვეული პანიკა - პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია

თითქმის მთელ ქალაქში სპეციფიკური სუნის გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ, ისევ გაურკვეველია, რატომ არ იზრუნეს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე შესაბამისმა უწყებებმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს ყაზტრანსგაზი. კომპანიაში დღეს დამატებითი განმარტებების გაკეთებაზეც უარი თქვეს.

მილების დაზიანებას გაზის ტრანსპორტირების სამსახურში არ გამორიცხავენ, თუმცა უწყებაში ახლა იმას იკვლევენ, ვინ შეურია მილებში არსებულ გაზს ჭარბი რაოდენობის ოდორანტი. მოკვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, ტექნიკური პერსონალის პასუხისმგებლობა იკვეთება.

11-მა პაციენტმა, რომელიც გუშინ ბუნებრივ აირში დიდი რაოდენობით ოდორანტის შერევის შემდეგ მოიწამლა, საავადმყოფო უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პანიკა თბილისში გუშინ დილიდან დაიწყო, როდესაც სხვადასხვა უბანში მოსახლეობამ მძაფრი სუნი იგრძნო. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამანაწილებელმა სადგურმა გაზს სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი შეურია, თუმცა საჭირო რაოდენობაზე მეტი. სამუშაოების ჩატარების შესახებ კი მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია.

ავტორი: ეკო მაღრაძე  

დღის ამბები