IDFI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი გამოეხმაურა. მას მიაჩნია, რომ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა კონკრეტული მოსამართლეების თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს უშლის მუშაობაში ხელს.
"ძალიან კარგია, როცა არასამთავრობო სექტორი და IDFI დაინტერესდა ამ საკითხით. მათ შეისწავლეს გარემოებები და დაასკვნეს, რომ არანაირ კანონდარღვევას რუსთავი 2-ის მიერ სარჩელის წარდგენასთან და მის განსახილველად მიღებას ადგილი არ ჰქონია. ამით გამოიკვეთა ის, რომ კონკრეტული მოსამართლეები ცდილობენ ფუნქციონირებაში ხელი შეუშალონ საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვან საკუთარი მანდატის განხორციელებაზე. რა თქმა უნდა ეს გახლავთ მოსამართლისადმი თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი,"- აცხადებს საძაგლიშვილი.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების ადვოკატი კი ფიქრობს, რომ როგორც რუსთავი 2-ის საქმეზე ასევე კაბელების საქმეზე განხილვები ჭიანურდება.
"საკონსტიტუციო მართლმსაჯულება პარალიზებულია, ხელისუფლების ძალისხმევით. ჩვენ ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ვერ იკრიბება და ვერ ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას. მიზანმიმართულად ხდება ე.წ. კაბელების საქმისა და რუსთავი 2-ის საქმეების განხილვა,"- აცხადებს ლევან სამუშია.
IDFI-ს კვლევის შედეგებს გიგი უგულავას ადვოკატიც გამოეხმაურა, ბექა ბასილაია ფიქრობს, რომ პროცესების უკან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას.
ავტორი:ნათია გოგსაძე.