20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
40 წუთიანი გადაუღებელი წვიმა თბილისში - დატბორილი შენობები, ქუჩები და საცობები გზებზე

ხმაური პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმღებთან გადამღები ჯგუფის მისვლას მოჰყვა. დაცვის სამსხურმა ჟურნალისტებს კლინიკაში შექმნილი ვითარების გადაღების უფლება არ მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს პირველი სართულის ნაწილი და სარდაფი დატბორილია.

ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქნა გზებზე, თბილისში ამ დრომდე საცობებია. უხვმა ნალექმა დედაქალაქის კიდევ რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი დატბორა.

წვიმამ დედაქალაქში ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. დაახლოებით 15 ათას აბონენტს ელექტროენერგია ნახევარი საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფომაციით, იწვიმებს მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა ნალექის ინტენსივობა შემცირდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე მეტროსადგურის, რუსთაველის, ისანის, სამგორისა და დიდუბის მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა გადასავლელებიც დაიტბორა. ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, მეტრო მუშაობას შეფერხების გარეშე აგრძელებს.

ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში სიტუაცია სტაბილურია, რამდენიმე უბანში სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

დღის ამბები