თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე დღეს დილით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. ამის მიზეზი კი, როგორც მეტროპოლიტენში აცხადებენ, ერთი მოძრავი შემადგენლობის დაზიანება გახდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღეს, 08:55 საათზე, მეტროსადგურ ნაძალადევში ერთი მოძრავი შემადგენლობა დაზიანდა, რის გამოც საჭირო გახდა ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეჩერება.
დაზიანებული საშუალების გადაყვანის შემდეგ კი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა აღდგა.
მომხდარის გამო საბურთალოს ხაზზე მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეჩერებულა. პირველ ხაზზე კი მოძრაობა, დაახლოებით, 40-45 წუთით იყო შეფერხებული.