განახლებული და რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი - მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია.
ამჟამად თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს ისტორიულ ნაწილში მისი გახსნის ცერემონიალი მიმდინარეობს.
სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ კონკრეტულ მონაკვეთზე თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ჩატარდა. პრეოქტის I ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო და რეაბილიტაცია სხვადასხვა მიმართულებით მოხდა.
პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მასზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს.
მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯრები. რესტავრაცია ჩაუტარდა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები.
"მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განადგურებას გადავარჩინეთ. მეორეს მხრივ ტურისტებისთვის ახალი სასიამოვნო ადგილი გაჩნდა,"- აცხადებს დავით ნარმანია.
ამ წუთებში დავით ნარმანია პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად განახლებულ გამზირს ათვალიერებს.