19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
"პოსტსკრიპტუმის" რეპორტაჟი საქართველოში ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან და პატიმრების წერილები არაადამიანურ მოპყრობაზე

ბოლო კვირების განმავლობაში პოსტსკტიპტუმის რედაქციაში ათობით პატიმრის წერილი შევიდა, თითქმის ყველა ბათუმის მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იყო. პატიმრები საუბრობდნენ არაადამიანურ გარემოზე, ცუდ მოპყობაზე, არასათანადო კვებაზე და მედიკამენტების მიუწვდომლობაზე. 

​ინფორმაციის გადასამოწმებლად გადამღები ჯგუფი ბათუმში ჩავიდა, თუმცა წერილების ავტორებთან გასაუბრება ვერ მოახერხა.

ციხეში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით ცუდი სანახავია "ანტივანდალური საკანი," რომელსაც სახელი გადაერქვა და ახლა "დეესკალაციის საკანი" ქვია. მასში პატიმარს მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში ათავსებენ, როცა სახალხო დამცველი 24 საათზე საუბრობდა. საკანში შავი ტყავის ლეიბი პირდაპირ ბეტონის იატაკზე გდია, სარკმელი არ იღება, შესაბამისად საკნის განიავება გამწოვებით ხდება. რკინის უნიტაზს თავსახური არ აქვს, რის გამოც ოთახში საკმაოდ მძაფრი სუნი დგას. მთავარი კი ისაა, რომ საპირფარეშო სათვალთვალო კამერის არეალში ხვდება. 

ანტივანდალურ საკნებთან ერთად პატიმრები ჩვენთვის მოწერილ წერილებში სამედიცინო მომსახურების ხარისხსაც უჩიოდნენ, თუმცა ჩვენ გადამღებ ჯგუფს მთავარმა ექიმმა ის ოთახი აჩვენა სადაც ყველა საჭირო მედიკამენტი საკმარისი რაოდენობით არის. ექიმი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. საკვები ობიექტიც სრულ წესრიგში იყო. 

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები