სოციალური პრობლემები, შეწყვეტილი დახმარება და დაზიანებული გზები, რომლის გამო საზღვრისპირა სოფლებში ხშირად სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ მიდის. სოფელი ჭვრინისი მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება.
საოკუპაციო საზღვართან მდებარე სოფელში არც სკოლაა და არც ამბულატორია, თუმცა ყველაზე მეტად ადგილობრივებს უგზოობა აწუხებთ.
სოფელში, რომელიც პრობლემების გამო იცლება, გზა მხოლოდ დეპუტატის სახლამდეა მიყვანილი.
ქარელის რაიონულ გამგეობაში აცხადებენ, რომ დეპუტატის ჭიშკრამდე ასფალტი ტენდერიდან მორჩენილი ფულით დაიგო. როდის მივა გზა სოფლის რიგითი მაცხოვრებლების ჭიშკრებამდე, უცნობია. გამგეობაში განმარტავენ, რომ წელს დამატებით გზების რეაბილიტაცია არ იგეგმება.
ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას საარჩევნოდ ელოდებოდა, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ დახმარებია.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე