19 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
აღმაშენებლის გამზირზე დაკავებული 11 ახალგაზრდა - აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ ხვალ უნდა იმსჯელოს

ინციდენტი აღმაშენებლის გამზირზე - თვითმხილველთა ინფორმაციით, ნაციონალისტური მოძრაობა ქართული ძალის წევრებმა აღმაშენებლის გამზირზე ხმაურით და შეძახილებით ჩაიარეს, თურქულ რესტორნებში ცეცხლმოკიდებული ნივთები შეყარეს და სტუმრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

11 ახალგაზრდა პოლიციამ ჯგუფური ხულიგნობის მუხლით დააკავა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ჯგუფური ხულიგნობის ფაქტებს იძიებს. დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული ძალის ლიდერი და ნაციონალისტური მოძრაობის 10 წევრი ამ დრომდე წინასწარი დაკავების საკანში ყავთ. მათთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. 

გუშინდელი მსვლელობა შეძახილებითა და ნიღბიანი ახალგაზრდების მარშით, გმირთა მოედნიდან დაიწყო. მოძრაობის წევრების ინფორმაციით, მათ მსვლელობა გმირთა მემორიალთან ნაციონალისტური ლოზუნგებით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაიწყეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები უცხოელებს შეურაცხყოფდნენ, ცდილობდნენ კაფეებისა და რესტორნების დარბევას და ფიზიკური წინააღმდეგობა სამართალდამცველებსაც გაუწიეს.

11-ივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

დღის ამბები