19 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
პროტესტის მეათე დღე - სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა ობიექტის პიკეტირება მოახდინეს

რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე სამუშაოები შეჩერებული იყო  - პროტესტის 10-ე დღეს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა ობიექტის პიკეტირება მოახდინეს. გაფიცულები მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რკინიგზის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია მათ შრომით ექსპლუატაციას ახდენს. მათივე ინფორმაციით, არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, არ აქვთ დასვენების დღეები, ამავდროულად არ ხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება.

გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას რკინიგზელთა პროფკავშირები ითხოვენ, ისინი მთავრობის წევრებს მოუწოდებენ დაიცვან უცხოელ ინვესტორთან დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები.

საპროტესტო გამოსვლები ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა ერთი თვის წინ დაიწყეს, მათ გამაფრთხილებელი აქციები შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გამართეს. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცულები პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

 

დღის ამბები