19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
დონეცკში ჩამოგდებული "ბოინგის" პირველი დასკვნა - შეფასებები კეთდება საქართველოშიც

5 ქვეყნისგან შემდგარმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პირველი დასკვნა გამოაქვეყნა.

საერთაშორისო ექსპერტებმა ორწლიანი მუშაობის შედეგად დაადგინეს, რომ ბუკის სისტემის საჰაერო თავდაცვის სისტემა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან შემოვიდა და გასროლა ბოინგის მისამართით პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დასახლება პერვომაისკიდან მოხდა. მოსკოვი ბრალეულობას უარყოფს, ევროკავშირის ქვეყნები და ვაშინგტონი კი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

აღნიშნულ თემას გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში მმართველი გუნდის მხრიდან. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, არანაირი საფუძველი არ არის, რომ კომისიის დასკვნაში ეჭვი შეიტანონ.

კომენატარი გააკეთა ქართული ოცნების წევრმა გიორგი ვოლსკიმაც.

"დაშვებები ამ დანაშაულებრივი ქმედებების, მნიშვნელოვანწილად რუსეთის სახელს უკავშირდება. რუსეთი და პუტინი ერთი და იგივეა,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საერთაშორისო საგამოძიები კომისიების დასკვნაზე შეფასებები გაკეთდა ოპოზიციაშიც. ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა საერთაშორისო გამოძიების დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„რუსეთი კლავდა და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს. მის მიერ მიწოდებული იარაღით იღუპება ხალხი და ამისათვის რუსეთმა უნდა აგოს პასუხი. საქართველოს ხელისუფლებაც უნდა იყოს სიმართლის, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი პოზიციის მხარეს,“ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ იქნა სამგზავრო ბოინგი 777, რომელიც მალაიზიის ავიახაზებს ეკუთვნოდა. ის ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ, ეს დაღუპულთა რიცხვის მიხედვით, ავიაკატასტროფების ისტორიაში, იყო ყველაზე დიდი მსხვერპლი - ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან, ყველა დაიღუპა.

ავტორი: დავით კაკულია

 

 

 

 

დღის ამბები