19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ერთ დღეში დაყაჩაღებული ორი ბანკი - გლდანის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია

გლდანის მე-3 მიკრო რაიონში Liberty ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი დაკავებულია. მომხდარი შემთხვევა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. 

ყაჩაღობა გლდანის მე-3 მიკრო რაიონში დილის საათებში მოხდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ერთმა პირმა Liberty ბანკის ფილიალიდან თანხის გატაცების შემდეგ, ცეცხლი სამართალდამცავებს გაუხსნა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ყაჩაღობის ფაქტს შემთხვევით შეესწრო და დამნაშავის დაკავებას შეეცადა, მძარცველმა ის ფეხებში დაჭრა.

ამ დრომდე უცნობია liberty ბანკის გლდანის ფილიალიდან გატაცებული თანხის ოდენობა. liberty ბანკის გლდანის ეს ფილიალი ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკვე მესამედ დააყაჩაღეს.

გლდანში მომხდარი ფაქტიდან 3 საათში ყაჩაღობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, ისევ Liberty ბანკის ფილიალში. დადიანის 23 ნომერში შეიარაღებული დამნაშავე შეიჭრა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა. ეჭვმიტანილი ამ შემთხვევაშიც მიიმალა. სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები