"ეს ხუთი დღე, რომელიც დარჩენილია არჩევნებამდე, მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს რუსთავი 2-ს - ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
უდუმაშვილი დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ იმ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბარია.
„როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა, ეს არის გასული წლის ნოემბერი, როდესაც რუსთავი 2-ის საქმე პიკში იყო და მიდიოდა ბრძოლა რუსთავი 2-ის წასაღებად. სწორედ მაშინ შედგა კომუნიკაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან. როდესაც შევიტყვეთ ჩვენ, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლოა შემდგარიყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად, რომ ეს შეხვედრა ჩაგვეწერა. ამას მხოლოდ ორი მიზანი ჰქონდა, ჩვენ უნდა დაგვეზღვია ჩვენი თავი და ასევე დაგვეზღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, რადგან კაცმა არ იცის რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა შემდეგ ამ შეხვედრას. შეხვედრა შედგა, ჩავიწერეთ ეს ყველაფერი, მოვიტანეთ, მოვუსმინეთ კარგად და ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ თუ იქნებოდა აქ საუბარი რუსთავი 2-ის საქმეზე, მაშინ შესაძლებელი იყო ჩვენ ეს ჩანაწერები გაგვესაჯაროებინა. თუმცა, არ იყო ამ მიმართულებით საუბარი, სხვა მიმართულებით მიდის იქ, ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიდის საუბარი, ამიტომ ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ ამ მასალის გასაჯაროება და გავანადგურეთ ის. თუმცა, როგორც ვნახეთ ეს უკვე გასაჯაროებულია, იმისდა მიუხედავად, ჩვენ რა მოქმედებები ჩავიდინეთ.
"მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს ხუთი დღე, რომელიც დარჩენილია არჩევნებამდე, მე დარწმუნებული ვარ ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს რუსთავი 2-ს. დღეს მთავარი სამიზნე, ისევე როგორც ბოლო ერთ წელია, ამ ხელისუფლების მთავარი სამიზნე არის რუსთავი 2 და ამ ხუთი დღის განმავლობაში ეს გაათმაგებული იქნება,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.