01 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა შესაძლოა ხვალ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე იმსჯელონ - მესამე სექტორი რეგლამენტის დარღვევაზე მიუთითებს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ახალი შემადგენლობით ხვალ პირველად შეიკრიბება, რასაც უკვე მოჰყვა უარყოფითი შეფასება. არ არის გამორიცხული, მოსამართლეებმა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე იმსჯელონ, რაც არასამთავრობო სექტორს განცხადებით, საკონსტიტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის დარღვევაა.

დღის წესრიგში საკითხი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა თავაძემ, შეიტანა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთ-ერთ ყველაზე რეალური პრეტენდენტია.

არასამთავრობოებისთვის გაუგებარია, რატომ დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პლენუმის სხდომა დაჩქარებული ვადაში, რომელზეც ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლეებს 2 კვირა აქვთ ერთმანეთთან ახალი კანდიდატურის შესარჩევად.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ 14-დღიანი ვადის გასვლამდე კიდევ 9 დღეა დარჩენილი და პლენუმის დანიშვნით მოსამართლეებს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავმჯდომარის ასარჩევად უმოკლეს ვადებში პლენუმის სხდომის დანიშვნა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებს უკავშირდება.

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ პროცესები დაჩქარებულად არ უნდა წარიმართოს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს მესამე სექტორი აქცენტს აკეთებდა, პლენუმის სხდომის კვორუმი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, პლენუმის სხდომა უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს და გადაწყვეტილებები მიიღოს, თუ მას სულ ცოტა 6 მოსამართლე ესწრება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გასვლიდან ახალი ხელმძღვანელი 1 თვის ვადაში უნდა აირჩიონ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება სასამართლოს, სულ ცოტა, 3 წევრს აქვს. მოსამართლეებს ჯერჯერობით კანდიდატურები არ დაუსახელებიათ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ კანდიდატი თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა თავაძე, იქნება.

 

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი 

დღის ამბები