01 ოქტომბერი 2024,   15:35
ვრცლად
მარნეულში დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ სპეცრაზმის წევრებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მარნეულის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები შეიკრიბნენ. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის ინფორმაციით, სამართალდამცველები 7-მდე ადგილობრივი მოსახლის ოჯახში ღამით შევიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით განყოფილებაში გადაიყვანეს.

აჰმედ იმამყულიევის თქმით, მომხდარი არჩევნების დღეს სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ არ იციან სად იმყოფებიან დაკავებულები. მათი განცხადებით სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დამტვრეულია მათი ქონება. 

მარნეულში ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა დაკავების დროს არ განუმარტეს დაკავებულებს თუ რატომ აკავებდნენ მათ. 

ადგილზე იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობისა და პარტია სახელმწიფო ხალხისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ მხარდამჭერებს კანონი არ დაურღვევიათ. 

"მღებრიშვილს ვთხოვ დაიწყოს გამოძიება ბატონ, მარხინ გაზიევისგან, რომელმაც იცის მანქანით ქვები ვინ მოიტანა. ეს ადამიანი ყოფილი და მომავალი დეპუტატია სიით,"- აცხადებს იმამყულიევი

ცოტა ხნის წინ მარნეულის ცენტრში პოლიციასთან მცირე ინციდენტი მოხდა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და ქართული ოცნების წარმომადგენელს შორის. ადგილობრივების გაღიზიანება მარხინ გაზიევის გამოჩენას მოჰყვა, თუმცა მან მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები