01 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
ორად გაყოფილი საკონსტიტუციო სასამართლო - თავმჯდომარის პოსტზე იმერლიშვილის და თავაძის კანდიდატურები განიხილება

საკონსტიტუციო სასამართლო ორად გაიყო - სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლეებმა დღეს ორი კანდიდატურა დაასახელეს. ირინა იმერლიშვილი ერთ-ერთია, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ის ამ პოსტზე ორმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ წარადგინეს.

კანონის მიხედვით, საკუთარი კანდიდატურის დასახელების უფლება იმერლიშვილსაც ჰქონდა და ამ უფლებით თავადვეც ისარგებლა.

ირინა იმერლიშვილის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა თავაძეა წარდგენილი.

თავმჯდომარის თანაშემწის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელს პოსტზე ასარჩევად, პლენუმის 8 წევრიდან 5-ის თანხმობა დასჭირდება. როგორ გადანაწილდება წარდგენილ ორ კანდიდატს შორის მოსამართლეების ხმები, უცნობია.

ორშაბათს გაირკვევა, ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.

ავტორი: ეკო მაღრაძე 

დღის ამბები