01 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
მარნეულში დაკავებული ახალგაზრდების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

სოფელ ყიზილაჯლოში უკვე ერთ საათზე მეტია ექვსი დაკავებულის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და პარალელებს ავლებენ კორცხელის ინციდენტთან.

ყიზილაჯლოს მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით შერჩევით სამართალს ახსენებს და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობს.

„პირველ რიგში მაინტერესებს ვინ უთხრა პოლიციას, რომ ჩემი შვილია დამნაშავე. ასევე მინდა გავიგო თუ ზუგდიდის ინციდენტის დამნაშავეები 100 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს, ჩვენს შვილებს რატომ მოექცნენ ასე უდიერად, რის საფუძველზე მოხდა ჩვენს სახლებში შემოჭრა,“-განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ.

აქციაზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი, რომელიც დაკავებისას ძალის გადამეტებაზე საუბრობს. მისი თქმით, მოსახლეობა გიორგი  კვირიკაშვილისგან განმარტებას ითხოვს, თუ რატომ მოხდა სპეცრაზმის მეშვეობით მათი დაკავება.

აქცია მარნეულიდან რუსთავში გადაინაცვლებს. გუშინ მარნეულის რაიონში დაკავებული 6 ახალგაზრდის ოჯახის წევრები სასამართლო გადაწყვეტილებას დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, სასამართლოსთან დაელოდებიან.

დღის ამბები