01 ოქტომბერი 2024,   15:41
ვრცლად
ომბუდსმენი ხელისუფლებისგან სოფელ მოხეში არსებული ვითარების დროულად განუხტვას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სამართალდამცავებმა გადაკეტეს იმ შენობაში შესასვლელი, რომელშიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ლოცვა დაიწყეს.

აღნიშნული შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაგებობა არის მეჩეთი, თუმცა, შენობის კუთვნილების შესახებ გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული კომისიის მიერ, რომელიც სადავო შენობის საკითხს 2 წელია სწავლობს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატულება არის ღვთისმსახურების ადგილის არსებობა და ლოცვა სხვებთან ერთად, რის შესაძლებლობას მუსლიმი თემი ამჟამად მოკლებულია.

შენობის კუთვნილების გაურკვევლობის გამო მოხეში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქმედითი ღონისძიებების გატარება და დარჩა კონფლიქტური კერა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს კვლავ დაძაბულობის საბაბი გახდეს.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გადაწყვიტოს სადავო შენობის კუთვნილების საკითხი და მუსლიმებისთვის მოხეში განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისათვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს.

სახალხო დამცველი აქტიურად დააკვირდება მოხეში ადგილობრივი მუსლიმი თემის სალოცავი ადგილით უზრუნველყოფის პროცესს.

 

დღის ამბები