01 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
სახალხო დამცველი პროკურატურას ტრანსგენდერზე მომხდარი თავდასხმის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს

ორთაჭალაში, სავარაუდოდ სექსუალური იდენტობის გამო მოქალაქის მიმართ მომხდარ ძალადობის ფაქტს სახალხო დამცველი ეხმაურება.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. 

"საქართველოს სახალხო დამცველი ტრანსგენდერი ქალისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.

"სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. აპარატის წარმოებაში არაერთი საქმეა, რომელშიც შესაძლოა ვლინდებოდეს დისკრიმინაციული მოტივი სხვადასხვა დაცული ნიშნის საფუძველზე. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიების პროცესში არ ხდება სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მსჯელობა ან/და ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ასეთი მოტივის გამოვლენის მიზნით.

"სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არამხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი. საზოგადოებაში გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის ფონზე არსებობს მსგავსი დანაშაულების განმეორების საფრთხე, მითუმეტეს, რომ საგამოძიებო ორგანოები დისკრიმინაციულ მოტივზე ძირითადად ყურადღებას არ ამახვილებენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩაატაროს სრული და ობიექტური გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები