01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
აქცია შსს-სთან - მოქალაქეები LGBT თემის წევრზე მომხდარი თავდასხმის დროულ გამოძიებას ითხოვენ

გამოძიების ფარგლებში სიძულვილის მოტივის განსაზღვრის და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით აქცია იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მესამე სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უწყებასთან ორი დღის წინ ტრანსგენდერ ქალზე მომხდარი თავდასხმის გამო შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, LGBT თემის წევრებზე ძალადობის არც ერთი ფაქტი ამ დრომდე არ არის გამოძიებული და დამნაშავეები არ ისჯებიან. აქციაზე მოითხოვეს ასევე 17 მაისის კანონდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემა. სიძულვილის გაღვივებისთვის პასუხისმგებლობას შეკრებილები ხელისუფლბას აკისრებენ.

აქციაზე იმყოფებოდა მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი თამარ კორძაია. რესპუბლიკური პარტიის წევრი ამ დრომდე მოქმედი პარლამენტის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში ვერ ხედავდნენ თუ რას ნიშნავდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

"აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ პარლამენტში ვერ ხედავდნენ სიძულვილის მოტივირებული დანაშაული რას ნიშნავს. ძირითადი დამახასიათებელი ფემიციდისათვის არის სიძულვილით მოტივირებული ქალის მკვლელობა. ეს თემა საზოგადოების განსჯის საკითხი მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც ებრძვის ადამიანი სიცოცხლეს ან ფატალურად სრულდება შემთხვევა,"- განაცხადა კორძაიამ. 

აქციაზე იმყოფებოდა ნინია კაკაბაძე. მას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს დამნაშავის სამაგალითო დასჯა. 

"თუ ერთი ადამიანი მაინც იქნება დასჯილი და კვალიფიკაცია ექნება როგორც ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, ეს იქნება სამაგალითო დანარჩენი პოტენციური დამნაშავისთვის,"- განაცხადა კაკაბაძემ.

დღის ამბები