01 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
LGBT თემის წარმომადგენელზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები

მორიგი თავდასხმა LGBT თემის წარმომადგენელზე. ტრანსგენდერი ზიზი ამ დრომდე ნიუ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. საავადმყოფოში LBGT თემის წარმომადგენლები, დაშავებულის მეგობრები და უფლებადამცველები მორიგეობენ. 

მომხდარის შესახებ პოსტსკრიპტუმმა ახალი დეტალების გარკვევა შეძლო. ცნობილია, რომ ტრანსგენდერი ზიზი სექსმუშაკი იყო. შემთხვევა კი მის სამუშაო ადგილთან, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა.

პოსტსკრიპტუმისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდასხმამდე ზიზის კონფლიქტი ერთ-ერთ პიროვნებასთან მოუვიდა და ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო გამოძახებული, აღნიშნული პირი კი, როგორც ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ტატიშვილი ამბობს, საპატრულო ეკიპაჟის კამერამ დააფიქსირა. 

მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კამერაა დამონტაჟებული, თუმცა დაფიქსირდა თუ არა ფირზე თავდამსხმელი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება დეტალებზე არ საუბრობს. 

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე შესამჩნევია სისხლის კვალი და სამედიცინო დახმარების ნივთები. მომხდარის შესახებ ადგილზე მყოფი პირები კამერებთან არ საუბრობენ. თავდასხმას ტრანსგენდერზე შს სამინისტრო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს. 

საქართველოში LGBT თემის წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების გამო  შს სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქმის დროულ გამოძიებას და თავდამსხმელის მკაცრად, სამაგალითოდ დასჯას ითხოვდნენ. აქციაზე ცნობადი სახეები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 

ავტორი ლაშა კვესელაძე. 

 

 

დღის ამბები