09 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ბუბა კიკაბიძე:"პუტინის შვილთაშვილებსაც კი შერცხვებათ მისი გვარის ხსენება"

“მე რომ ვიყო უკრაინელი ვერასოდეს ვერ შევძლებდი მეპატიებინა პუტინისთვის“, - მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე ამ კომენტარს გამოცემა „СЕГОДНЯ“-ს ჟურნალისტს აძლევს. ვრცელ ინტერვიუში, რომლის დიდი ნაწილის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ეთმობა, მომღერალი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და კონფლიქტის დარეგულირებაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე საუბრობს.

„ყველაფერი, რაც ეხლა უკრაინაში ხდება, იგივე სცენარით კეთდება, რაც ჩვენთან, საქართველოში იყო. რით დამთავრდება ეს პროცესები, რთული სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო თანამეგობრობაზე და იმაზე - დააწესებენ, თუ არა ისინი სერიოზულ სანქციებს. გარდა ამისა, ბევრია დამოკიდებული თქვენს ხელისუფლებაზე, მაგრამ მე რომ ახალგაზრდა ვყოფილიყავი მეც ვიბრძოლებდი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ქვეყნის ღირსების დასაცავად. ეს ომი დიდხანს თუ გაგრძელდა უკრაინას ფეხზე დადგომა გაუჭირდება“, - აცხადებს ბუბა კიკაბიძე.

ჟურნალისტი კიკაბიძეს ეკითხება, საშუალება რომ ჰქონდეს, რას ეტყოდა პუტინს. კიკაბიძის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ის განუცხადებდა, რომ პუტინი შავი ძალების პოლიტიკოსია და სანამ ის თავის ამბიციებით იცხოვრებს, ყოველთვის დაემუქრება სხვადასხვა ქვეყნებსა და სისტემებს. „ის დამპყრობელია“ - აღნიშნავს კიკაბიძე და განმარტავს, რომ პუტინი ჩაციკლულია მხოლოდ ერთზე და ფიქრობს, რომ მუდმივად შეძლებს საკუთარი ქვეყნის მართვას. „ადამიანები კი მუდმივად არ ცხოვრობენ და ყველაფერი მთავრდება, მის შვილთაშვილებსაც კი შერცხვებათ მისი გვარის ხსენება“, -განაცხადა კიკაბიძემ. ინტერვიუში ის ასევე აღნიშნავს, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რასაც პუტინი რუსეთს უკეთებს, თუმცა ხალხს არავინ ეკითხება.  

ჟურნალისტი ვახტანგ კიკაბიძეს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პოლიტიკის შეფასებასაც სთხოვს, რაზეც „СЕГОДНЯ“-სთან საუბარში მომღერალი უკრაინის პრეზიდენტს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ პოროშეკოს არ იცნობს, თუმცა ის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. "მან ბევრი ენა იცის რაც პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია", - ამბობს კიკაბიძე.

საუბრის ბოლოს კიკაბიძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას არ აძლევს, თუმცა მომავალში უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ქვეყნის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტების გამართვას გეგმავს.

დღის ამბები