07 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
შავი ზღვის უსაფრთხოება - ნატოს თავდაცვის მინისტერიალი იწყება

ბრიუსელში ხვალ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. შეხვედრის დღის წესრიგში დგას ალიანსის ყოფნის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში.

2017 წლიდან აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს 4 ბატალიონი განთავსდება, რომლის მიზანი კონფლიქტის პრევენცია იქნება. სხდომა ბრიუსელში ვარშავის სამიტიდან 100 დღის თავზე იმართება. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ თუ როგორ სრულდება ის გადაწყვეტილებები, რომელიც სამიტზე მიიღეს. 

თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი თემები კვლავ ტერორიზმთან ბრძოლა, სირია და რუსეთი იქნება. 

მინისტერიალის დღის წესრიგი ჟურნალისტებს დღეს იენს სტოლტენბერგმა გააცნო. 

"დავიწყებთ ჩვენი გეგმის განხორციელებას, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს ყოფნის გაძლიერებას ისახავს მიზნად. შევაფასებთ რა სახის ინფრასტრუქტურა დაგვჭირდება მოკავშირე ქვეყნებში, რომ ჩვენმა ძალებმა შეძლონ ევროპაში სწრაფი გადაადგილება. ჩვენი მეორე სესია დაეთმობა სამეზობლოში სტაბილურობის დაცვას, რადგან, როდესაც მეზობელ ქვეყნებში სტაბილური ვითარებაა, ჩვენ უფრო დაცული ვართ. რაც შეეხება უკრაინას, ნატო მას გაუწევს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, პრაქტიკული მხარდაჭერა განხორციელდება სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით და წვრთნების ჩატარებით. მხარს ვუჭერთ უკრაინას იმითაც, რომ მოვუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმებები. მას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა. ის განაგრძობს სეპარატისტების დახმარებას და კვლავ იმყოფება დონბასში. მინსკის შეთანხმების შესრულება გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულ დაცვას, შეიარაღების გატანას და საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას,"- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას ასპირანტი ქვეყნის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. 

ავტორი თამარ ნუცუბიძე

 

 

დღის ამბები