01 ოქტომბერი 2024,   15:30
ვრცლად
ინციდენტი ახალციხეში - "ენმ"-ს წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს თავდასხმაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ნიკოლოზ ხიზაძე აცხადებს, რომ სოფელ მუსხში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუკეტეს.

ხიზაძის ინფორმაციით, მას ფიზიკურად ჯერ ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი გაუსწორდა, შემდეგ კამერა წაართვა, ტერიტორია კი გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ინციდენტში მონაწილეობას ადასტურებენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გუბერნატორი მათ ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებოდა და აგინებდა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მთელი დღის განმავლობაში სამუშაო ოთახში იმყოფებოდა და ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია.

ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაბამის უწყებებს ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე მიაწოდა. პარტიაში მომხდარს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. სამართალდამცავები ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრს ზურა ხიზაძეს კითხავენ.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები